სპეციალური დახმარება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრთა კომფორტზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თითოეულ მგზავრს გააჩნია ინდივიდუალური საჭიროებები და მოთხოვნები.

ავიაბილეთის დაჯავშნისას, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ავიაკომპანიას ან ტურისტულ სააგენტოს, რომ გესაჭიროებათ დახმარება აეროპორტში. ავიაკომპანია ან ტურისტული სააგენტო, რომელმაც დაგიჯავშნათ ავიაბილეთი მიაწოდებს საჭირო ინფორმაციას აეროპორტის შესაბამის დანაყოფს. მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს რეისის გაფრენამდე სულ მცირე 48 საათით ადრე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრთათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე გათვალისწინებულია შემდეგი სახის მომსახურება:

  • სარეგისტრაციო / საინფორმაციო დახლი.
  • წვდომა საზოგადოებრივ ობიექტებთან.
  • დახმარება გაფრენის დარბაზში.
  • დახმარება რეგისტრაციის და უსაფრთხოების შემოწმების დროს.
  • დახმარება ბარგის აღებისას.
  • დახმარება თვითმფრინავში ჩასხდომის და თვითმფრინავის ჩამოსვლის დროს.
  • დახმარება საბაჟო და საიმიგრაციო პროცედურების გავლისას.
  • სველი წერტილები, კაფეტერიები, მაღაზიები.

ბავშვები თანხმლები პირის გარეშე (UMNR)

16 წლამდე ბავშვი საქართველოდან დროებით გადის საქართველოს პასპორტით და კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით (კანონიერი წარმომადგენლობა დადასტურებული უნდა იყოს დაბადების მოწმობის ან მისი შემცვლელი დოკუმენტის საფუძველზე) ან მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.

ავიაკომპანიების უმრავლესობა უზრუნველყოფს სპეციალურ სერვისს პატარა მგზავრებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ხუთი წლის ასაკიდან ბავშვების დამოუკიდებლად მგზავრობას, თანმხლები პირის გარეშე. აღნიშნული სერვისის შეძენისას, რეგისტრაციის დახლიდან ავიარეისის დანიშნულების ადგილას ჩაფრენასა და დამხვედრ პირზე ჩაბარებამდე თქვენს ბავშვზე პასუხისმგებლობას იღებს ავიაკომპანია.

ვინაიდან თითოეულ ავიაკომპანიას აღნიშნული სერვისით სარგებლობის ინდივიდუალური წესები და ტარიფები აქვს, სასურველია წინასწარ მიმართოთ ავიაკომპანიას აღნიშნული სერვისის დასაჯავშნად და გაეცნოთ მომსახურების პირობებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ერთ ავიარეისზე თანმხლები პირის გარეშე მოგზაური ბავშვების რაოდენობა შეზღუდულია.

მშობლებს ევალებათ წარმოადგინონ

  • ბავშვის პასპორტი.
  • თქვენი კავშირი ბავშვთან.
  • თანხმობის წერილი მგზავრობაზე/მინდობილობა.
  • მისამართი.
  • ბავშვის დაბადების თარიღი.
  • ბავშვის გამცილებელი და ასევე დამხვედრი პირის/მეურვის საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომრების და მისამართის ჩათვლით.
  • ავიაბილეთის/სამგზავრო დოკუმეტის ასლები.

ცხოველებთან ერთად მგზავრობა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უზრუნველყოფს ცხოველების ტრანსპორტირების მომსახურებას. ცხოველების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის) მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი სპეციალური გადასაყვან-სამგზავრო კონტეინერით.

ავიაბილეთის დაჯავშნისას აუცილებელია აცნობოთ ავიაკომპანიას/ტურისტულ კომპანიას, რომ თქვენ მგზავრობთ შინაურ ცხოველთან ერთად. ასევე აუცილებლად მიუთითეთ ცხოველის და კონტეინერის საერთო წონა და კონტეინერის ზუსტი ზომები.

ავიაკომპანიების უმეტესობას გადაჰყავს მხოლოდ ძაღლები და კატები, როგორც სამგზავრო სალონით ასევე თვითმფრინავის საბარგულით.

ვინაიდან ყველა ავიაკომპანიას გააჩნია ინდივიდუალური ცხოველების ტრანსპორტირების წესები და ტარიფები, დეტალური ინფორმაციისთვის სასურველია დაუკავშირდეთ თქვენს ავიაკომპანიას.